logo
ENG



კობახიძის თქმით, აშშ-ის სავიზო პოლიტიკა მკაცრია და "ელჩმა ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს"

17 მაი 202300:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/rh8zqljgdxveb4t.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად აშშ-ის მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე საუბრობს.

კობახიძე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს მკაცრი სავიზო პოლიტიკა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების მიმართ აქვს.

"ვითარება ასეთია: შარშანწინდელი სტატისტიკა დევს ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე და ხდება რა, საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37% და ამაზე უამრავი ადამიანი საუბრობს, უამრავი შემთხვევაა, როდესაც მაგალითად საქართველოს მოქალაქემ მიიღო სტუდენტური დაფინანსება, ყველაფერი გამზადებულია და ვიზას არ ურტყამენ. ჩემს გარშემოა მარტო 2 ასეთი შემთხვევა, გაუგებარია, რატომ შეიძლება ახალგაზრდას, ბავშვს არ ჩაურტყა ვიზა, როცა დაფინანსება აქვს მიღებული, ასეთი უამრავი ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ 37%-ია მაჩვენებელი. როდესაც იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, იქ რა ვითარებაა. 63%-დან 88%-მდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა, აი, აქ არ ვიცი, რა ლოგიკური ახსნაა. ვიზალიბერალიზაციასაც ხომ არ ვითხოვთ? როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 37% ჩვენთან და 63%-დან 88%-მდე მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში", - ამბობს კობახიძე. 

კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ თუ კელი დეგნანი თვლის, რომ "რუსეთთან პირდაპირი ფრენები იწვევს დაახლოებას ქვეყანასთან, მაშინ რატომ არ ხდება ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის".

კობახიძემ მკაცრი სავიზო რეჟიმის მაგალითად ანსამბლი მართვე მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, ივლისში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ში, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემის ვადები ნოემბრამდე დაუსახელა, რის გამოც ისინი ვერ გაემგზავრნენ. ის ელჩს მოუწოდებს, "ასეთ რაღაცებს მიხედოს და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს".

"ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, საილუსტრაციოდ - ამას წინათ, მიდიოდა ანსამბლი მართვე აშშ-ში. ყველაფერი იყო შეთანხმებული, მათ შორის ბილბორდები იყო გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ. ბავშვებზეა საუბარი, ბავშვი ხომ არ დარჩება ამერიკაში, 12, 14 წლის ბავშვი, ყველაფერი დაორგანიზებული ამერიკის მოწვევით, საბოლოო ჯამში მოხდა რა - სტანდარტულად შეაქვთ ერთად განაცხადები, ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები, უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა, სათითაოდ უნდა შეეტანოთ და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი ანსამბლი დატოვეს საქართველოში. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მე მგონი სჯობს, თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა გავიდა 30 წელი და ამაზე, სამწუხაროდ, საუბარიც არ არის", - ამბობს ოცნების თავმჯდომარე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.ელჩის თქმით, "საკითხავია, რატომ ხდება ეს ახლა და რატომ აძლევს პუტინი საქართველოს საჩუქარს". 

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა